Tuesday, 8 June 2010

იერუსალიმი


იერუსალიმი (ებრ. ירושלים - იერუშალაიმი, არაბ.: القُدس - ალ-კუდსი (ქართ. - წმინდა); ან أُورْشَلِيم - ურშალიმ - მხოლოდ ფორმალური, ებრაული სახელმწიფოსადმი ლოიალობის გამომხატველი სახელი). -- ისრაელის სახელმწიფოს დედაქალაქი, წმინდა ქალაქი სამი მონოთეისტური რელიგიის - იუდაიზმის, ქრისტიანობისა და ისლამის - მიმდევართათვის. მოსახლეობა: 695,000 (დაახ. 2/3 ებრაელი, 1/3 არაბი). მდებარეობს იეჰუდის (იუდეის) მთების გულში, ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლეზე. იყოფა ძველ და ახალ (ძველზე გაცილებით დიდ) ქალაქად.ძველი ქალაქი, რომელსაც თურქების მიერ მე-16 საუკუნეში აღდგენილი გალავანი აკრავს, სამადაა გაყოფილი: ებრაულ, ქრისტიანულ და მუსულმანურ კვარტლებად. ამ ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეშია მორიის, იგივე ტაძრის მთა, სადაც თავდაპირველად შლომო (სოლომონ) მეფემ ააგო ებრაული ტაძარი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 950 წელს. ახლა ამ მთაზე მხოლოდ მუსულმანური მეჩეთებია. ძველებრაული ტაძრის კომპლექსიდან მხოლოდ მთის ნიადაგის გასამაგრებელი ქვემო გალავნის დასავლეთი მხარე შემორჩა, რომელსაც გოდების კედელსაც უწოდებენ. ძველ ქალაქშივეა ვია დოლოროზა და მრავალი ეკლესია, მათ შორის გოლგოთისაც - ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით იესო ქრისტეს ჯვარცმის ადგილზე აგებული.ახალი ქალაქი უბნებადაა გაყოფილი. თითოეული მათგანი აშენებულია საკუთარი სავაჭრო და ადმინისტრაციული ცენტრის ირგვლივ. არაბული უბნები მხოლოდ ისრაელის მიერ 1967 წელს შემოერთებულ აღმოსავლეთ ნაწილშია. ექვსდღიან ომში გამარჯვების შემდეგ ისრაელმა ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მრავალი ებრაული უბანი ააშენა, სადაც დღესდღეობით 200,000-ზე მეტი ებრაელი ცხოვრობს. იერუსალიმის არაბები, რომლებიც უარობენ ისრაელის მოქალაქეობის მიღებას, სარგებლობენ მოქალაქეთათვის განკუთვნილი სოციალური დახმარებით. მეორე მხრივ, რადგან მათ არც მუნიციპალურ არჩევნებში სურთ მონაწილეობის მიღება, მერიაში არ ჰყავთ წარმომადგენლები; ამის გამო ქალაქის ხელისუფლება გულგრილად ეკიდება არაბულ მოსახლეობას, რაც ძირითადად მათი უბნების ინფრასტრუქტურის დაბალ დონეში გამოიხატება. ქალაქის დასავლეთი ნაწილი სრულებით ებრაულია. იერუსალიმის ებრაელები იყოფიან ხილონებად და ხარედებად (ცხოვრების დასავლური სტილის მიმდევრებად და ღრმად მორწმუნეებად). ამ ჯგუფებს შორის დაძაბულება სუფევს რელიგიური და ზნეობრივი საკითხების ირგვლივ, რაც ზოგჯერ უსიამოვნო ინციდენტებს იწვევს. ხილონები და ხარედები ცალ-ცალკე უბნებში ცხოვრობენ.


View Larger Map
წყარო: wikipedia,map.google.com

იერუსალიმის გერბი და ჯვარი




იერუსალიმის გერბი - ისრაელის ქალაქ იერუსალიმის გერბი, რომელიც შექმნა 1950 - 1950 წლებში ელია კორენმა, ენრეალთა ეროვნული ფონდის გრაფიკული განყოფილების დირექტორი. [1] გერბზე დახატული ლომი გამოხატავს იუდას ლომს, უკანა ფონი გამოხატავს დასავლეთ კედელს, ხოლო ოლივის ტოტი მშვიდობის ნიშანია. ზემოთ არსებობს ჩანაწერი, რომელიც არის სიტყვა იერუსალიმის ებრაული ჩანაწერი (იერუშალაიმი).
იერუსალიმის ჯვარი , ან ჯვაროსანთა ჯვარი - ჰერალდიკური ჯვარი და ქრისტიანული სიმბოლო. სიმბოლოზე ვენტრშ გამოსახულია ბერძნული ჯვარი, რომლის ირგვლივ თითო კვადრატში გამოსახულია 4 მცირე ბერძნული ჯვარი.
საქართველოს დროშა

სიმბოლოს გამარტივებული ფორმა ცნობილია "ჯვაროსანთა ჯვრის" სახელით. ეს სიმბოლო ჯვაროსნებს მისცა პაპმა ურბან II-ემ პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის დროს და იგი ასევე გახდა იერუსალიმის გერბი ჯვაროსნების იერუსალიმის სამეფოს არსებობის დროს. 4 მცირე ჯვარი არის ზოგადქრისტიანული სიმბოლო, რომელიც გამოსახავს 4 მოციქულს და მსოფლიოს ოთხ მხარეს, სადაც გავრცელდა ქრისტიანპობა იერუსალიმიდან. ეს სიმბოლო ასევე გამოიყენება საქართველოს დროშაზე.

წყარო:google

სურათები








წყარო: google

ოქროს კარიბჩე,სოლომონის ტაძარი და საბაცმინდის ლავრა



ოქროს კარიბჭე უძველესია დღემდე შერმორჩენილ კარიბჭეთა შორის იერუსალიმის ძველი ქალაქის გალავანზე. სავარაუდოდ აგებულ იქნა 520-იან წლებში, იუსტინიანე I-ის იერუსალიმის აღმშენებლობის პროგრამის ფარგლებში, გალავანში ადრინდელი კარიბჭის ნანგრევების ადგილას. ალტერნატიული თეორიით ის შესაძლოა აგებული ყოფილიყოს მე-7 საუკუნეში უმაიადის ხალიფთა მიერ დაქირავებულ ბიზანტიელ ხელოსანთა მიერ.

ქრისტიანულ ლიტერატურაში ამ კონსტრუქციას "ოქროს კარიბჭით" მოიხსენებენ, არაბულში კი ის ცნობილი იყო როგორც "მუდმივი სიცოცხლის კარიბჭე". ებრაელები კარიბჭესთან მოწყალებისთვის ლოცულობდნენ, საიდანაც მომდინარეობს სახელი "შაარ ჰარახამიმ", "მოწყალების კარიბჭე".

კარიბჭე მდებარეობს ტაძრის მთის აღმოსავლეთ მხარის შუაგულში. შესასვლელი ამ პოზიციაში რიტუალური მიზნებისთვის უნდა ყოფილიყო გამოყენებული ბიბლიურ დროში.

ებრაული ტრადიციით ეს ის კარიბჭეა, რომელშიც მესია იერუსალიმში უნდა შემოვიდეს. კარიბჭე დალუქულ იქნა 1541 წელს ოსმალეთის სულთანი სულეიმან I-ის მიერ, შესაძლოა მესიის შემოსვლის თავიდან არიდების გამო. მუსულმანებმა ასევე კარიბჭის წინ სასაფლაო მოაწყვეს, შესაძლოა იმ მოსაზრებით, რომ მესია ვერ შეძლებდა საკუთარი თავის წაუბილწავად ქალაქში შემოსვლას.
სოლომონის ტაძარი (ებრ.: בית המקדש, ბეით ჰამიკდაშ), ასევე პირველი ტაძარი, ბიბლიურად პირველი ებრაული ტაძარი იერუსალიმში. ტაძარი ლოცვებისა და მსხვერპლშერწირვის უმთავრესი ადგილის დანიშნულებას ასრულებდა. ტაძრის მშენებლობა დასრულდა ძვ. წ. X საუკუნეში; ბაბილონელებმა გაანადგურეს ძვ. წ. 586 წელს.
საბაწმიდის ლავრა, ქართული მწიგნობრობის უძველესი და უმნიშვნელოვანესი კერა პალესტინაში, იერუსალიმის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 13-15 კმ-ზე. სავანე დაარსა ცნობილმა საეკლესიო მოღვაწემ საბა განწმედილმა (439-532) V საუკუნის 80-იან წლებში, იქ შეიქმნა ქრისტიანული მწერლობის მრავალი მნიშვნელოვანი ძეგლი ბერძნულ, ქართულ, სირიულ, სომხურ, არაბულ ენებზე. საბაწმიდის ლავრაში ქართველი ბერები ადრევე დასახლდნენ. VIII-X საუკუნეებში არაბთა მომძლავრების გამო სამშობლოდან გადახვეწილმა ქართველმა ბერებმა საბაწმიდის ლავრაში გაცხოველებული კულტურულ-საგანმანათებლო საქმიანობა გააჩაღეს. VIII-IX საუკუნეებში იქ გატარდა ქართული სალიტერატურო ენის რეფორმა, შემუშავდა ბიბლიური წიგნების ე.წ. საბაწმიდური რედაქცია (დაახლოებით IX ს.),განვითარდა ორიგინალური ჰიმნოგრაფია (ბასილი საბაწმიდელი, იოანე-ზოსიმე), თარგმნითი ლიტერატურა. გახშირდა ხელნაწერთა დამზადება, დაოსტატდნენ კალიგრაფები (მაკარი ლეთეთელი, გიორგი თბილელი, იოანე-ზოსიმე). იქ დამზადებულ ხელნაწერთაგან მნიშვნელოვანია 864 წლის ე. წ. სინის მრავალთავი - უძველესი ქართული თარიღიანი ხელნაწერი; ჭილ-ეტრატის იადგარი (IX საუკუნე) და სხვა. საბაწმინდის ლავრის ცხოველი ურთიერთობა ჰქონდა საქართველოსთან. იქ შექმნილი ლიტერატურული პროდუქცია ქართველ მწიგნობართა და პილიგრიმთა საშუალებით გავრცელდა როგორც პალესრინაში, ისე საქართველოშიც და საგრძნობი გავლენა მოახდინა ქართული მწერლობის შემდგომ განვითარებაზე. საბაწმიდის ლავრიდან სამხრეთ საქართველოში გადმოინერგა ტიპიკონი (საუკუნე), რომლის ახალი რედაქცია (XII საუკუნე) მთელ საქართველოში გავრცელდა.

XI საუკუნიდან არაბთა მოძალებისა და სავანის ხშირი დარბევის გამო ქართველმა მოღვაწეებმა სხვა მონასტრებს მიაშურეს და ხელნაწერებიც ახალ სადგომებში გადაიტანეს. ამიტომაც საბაწმიდის ლავრის ქართულ ხელნაწერთა უმრავლესობა სინის მთაზეა დაცული; ორიოდე მათგანი ინახება თბილისსა და პეტერბურგში.

წყარო: google

ქრისტიანთა მთავარი ტაძრის ისტორია იერუსალიმში


ქრისტეს საფლავის (აღდგომის) ტაძარი მრავალი მილიონი ადამიანისათვის ყველაზე წმინდა ადგილია

ქრისტიანთა მთავარი ტაძრის ისტორია იერუსალიმში

ქრისტიანულ სამყაროში ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ტაძარი გახლავთ. იმავდროულად, ის სხვადასხვა ქრისტიანულ კონფესიათა დაპირისპირების უმთავრესი მიზეზიც არის, რაც X|| საუკუნეში დაიწყო. კონფესიათა წარმომადგენლები ტაძარში უკეთესი ადგილის მოსაპოვებლად იბრძოდნენ. ისინი ყოველ ღამით შესასვლელთან იკრიბებოდნენ და ცხარედ კამათობდნენ. 1852 წელს 6-მა კონფესიამ - მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სირიელები, სომხები, კოპტები და ეთიოპიელები - თურქეთის სულთნის გავლენით ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომლის თანახმადაც, მათ ტაძრის თითოეული სანტიმეტრი გადაინაწილეს.

ქრისტეს საფლავის ტაძრის მრევლი 100 ათასამდე ადამიანს ითვლის, მათი უმრავლესობა არაბები არიან, თუმცა ყველაზე დიდი გავლენით ბერძნები სარგებლობენ. წმინდა მიწაზე ქრისტიანობის უმთავრესი დამცველები სწორედ ისინი იყვნენ, რაც უფრო მათი დიპლომატიური ნიჭის დამსახურებაა. კონსტანტინოპოლის პატრიარქს ახლო ურთიერთობები ჰქონდა სულთნის კართან, ამიტომ ბერძნები იერუსალიმში მეტად დიდი შეღავათებით სარგებლობდნენ. დიდი ხნის განმავლობაში თურქეთის მთავრობა ქალაქის ქრისტიანულ კონფესიათა შორის მხოლოდ მართლმადიდებლებს აღიარებდა. შედეგად, იერუსალიმის წმინდა ადგილების უმრავლესობას ბერძნები აკონტროლებდნენ. კათოლიკურმა დასავლეთმა ჯვაროსნული ომების შემდეგ დაკარგული ავტორიტეტი არცთუ დიდი ხნის წინ დაიბრუნა. დღესდღეობით ყველა კონფესია 1852 წელს დადებული ხელშეკრულების მიხედვით მოქმედებს.

ჯვაროსანთა "გმირობების" გამო კათოლიკეებს წმინდა მიწაზე საუკუნეების განმავლობაში არ უშვებდნენ. კათოლიკური ეკლესიის პოზიციების გამყარება X||||-|X საუკუნეებში დაიწყო, როდესაც იერუსალიმში ფრანცისკანელთა ორდენი დამკვიდრდა. X|X საუკუნეში სხვადასხვა პროტესტანტულმა ორგანიზაციებმა იერუსალიმში მისიონერული საქმიანობა დაიწყეს. შედარებით დიდ წარმატებას ინგლისელმა პროტესტანტებმა მიაღწიეს. მისიონერული საქმიანობა მუსლიმანთა შორის სიკვდილით ისჯებოდა, ამიტომ ინგლისელებმა მთავარი აქცენტი ებრაელებზე გააკეთეს, თუმცა რამე მნიშვნელოვანი შედეგი ამას არ მოჰყოლია.

ტაძრის მშენებლობის ისტორია || საუკუნეში იწყება. რომის იმპერატორმა ადრიანემ (119-138) გოლგოთაზე ვენერას, ხოლო ქრისტეს დასაფლავების ადგილზე იუპიტერის ტაძრების აშენება ბრძანა. შესაბამის ადგილებზე რომაელი ღმერთების ქანდაკებები დაიდგა, თუმცა მშენებლობა ბოლომდე არც დასრულებულა. 326 წელს იმპერატორ კონსტანტინე |-ის დედამ ელენემ აქ ტაძრის მშენებლობა დაიწყო, რომელიც 335 წელს დასრულდა. 614 წელს ტაძარი სპარსელებმა დაარბიეს, 15 წლის შემდეგ ის აღადგინეს. მსგავსი ისტორია არაერთხელ განმეორდა.

1009 წელს არაბი ხალიფას ალ ჰაქიმის ბრძანებით არაბთა მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ქრისტიანული ეკლესიები მთლიანად განადგურდა, მათ შორის აღდგომის ტაძარიც. 1036 წელს მუსლიმებმა ბიზანტიის იმპერატორს მიხეილ ||-ს ტაძრის აღდგენის უფლება მისცეს. მომდევნო იმპერატორმა კონსტანტინე მონომახმა ქრისტეს საფლავის ზემოთ მდებარე როტონდა შეცვალა და ტაძარს გალერეა და აღმოსავლეთის აბსიდი დაუმატა. 1099 წელს იერუსალიმი ჯვაროსნებმა დაიკავეს. მათ ტაძარი არ მოეწონათ და მისი გადაკეთება დაიწყეს. ახალი ტაძარი 1149 წელს აკურთხეს. მას შემდეგ ტაძარი კიდევ რამდენჯერმე დაზიანდა, მაგრამ ჯვაროსნების მიერ მინიჭებული გოთური სტილი დღემდე შეინარჩუნა.

თუმცა კათოლიკური სახურავის ქვეშ მართლმადიდებლური გავლენა იგრძნობა. მართლმადიდებელთა ტაძარში ყოფნის კვალი შესასვლელშივე გვხვდება. ტაძრის შესასვლელში ორი თაღია. ერთი ქვით არის ამოვსებული, მეორეში კი ხის დიდი კარიბჭეა განთავსებული. ხის კარიბჭიდან მარცხნივ სამი სვეტია აღმართული, რომლებიც თაღს ამაგრებენ. ერთი მათგანი ძირში არის გახლეჩილი. გადმოცემის თანახმად, რამდენიმე საუკუნის წინ, მართლმადიდებლებს სააღდგომო მსახურების ჩატარებაზე უარი უთხრეს, რომლის დროსაც ზეციდან ღვთიური ცეცხლი გადმოდის. სომხები ქრისტეს სამარხთან (კუვულკია) ღვთიური ცეცხლის გადმოსვლას ამაოდ ელოდნენ. ცეცხლოვანი ალი სვეტს დაეცა და ის გახეთქა, ხოლო ბერძენმა პატრიარქმა ღვთიური ცეცხლი სააღდგომო სანთელზე გადაიტანა.

ტაძრის შენობის შესასვლელში მირონცხების ქვა დევს, რომელიც მოგრძო მარმარილოს მონოლითს წარმოადგენს. გადმოცემის თანახმად, სწორედ ამ ქვაზე დაასვენეს იესო ქრისტე ჯვრიდან გარდამოხსნის შემდეგ. მომდევნო განყოფილება მრგვალი ოთახი - როტონდა - გახლავთ. ცენტრში ვარდისფერი მარმარილოსაგან დამზადებული სამრეკლო დგას. კედლებში ორი ჭრილია, ღვთიური ცეცხლის გადასაწოდებლად. ქრისტიანულ კონფესიათა დაპირისპირებამ აქაც იჩინა თავი: ჩრდილოეთ ჭრილი მართლმადიდებლებისთვის არის განკუთვნილი, ხოლო სამხრეთი - სომხებისთვის. კათოლიკეები ღვთიური ცეცხლის სასწაულს არ აღიარებენ.

როტონდის მეორე ნაწილში ქრისტეს საფლავია. მისკენ დაბალი გასასვლელი მიემართება, ამიტომ ადამიანს ნებსით თუ უნებლიეთ ქედის მოხრა უწევს. სამარხი მეტად ვიწროა, ამიტომ ბერძენი მცველი მხოლოდ ორ-სამ მლოცველს უშვებს. სამარხს კედელზე ოთხ რიგად დამაგრებული სანათები ანათებს. კონფლიქტების თავიდან აცილების მიზნით, მათი რაოდენობა დადგენილია და 1852 წელს ქრისტიანულ კონფესიათა შორის დადებულ ხელშეკრულებაში არის შეტანილი. 13 კათოლიკეებს ეკუთვნით, 13 სომხებს, ამდენივე მართლმადიდებლებს.

სწორედ აქ, აღდგომის წინა შაბათს, ნაშუადღევს ერთსა და იმავე დროს ღვთიური ცეცხლი გადმოდის. მისი მიღების პრეროგატივა მხოლოდ მართლმადიდებლებს აქვთ. დადგენილი ტრადიციის მიხედვით, ყოველგვარი "ჩაწყობისაგან" თავის ასარიდებლად, პარასკევ ღამით ტაძარში სინათლეს აქრობენ, როტონდას ჩხრეკენ და კარს ლუქავენ. შაბათს იერუსალიმის პატრიარქს ტანსაცმელს უსინჯავენ, რათა მან რამე ასანთები მოწყობილობა არ შეიტანოს. ამის შემდეგ კარს ლუქს ხსნიან და პატრიარქი ქრისტეს საფლავის სამრეკლოში შედის. მცირე დროის შემდეგ, მხურვალე ლოცვის შედეგად ზეციდან ღვთიური ცეცხლი გადმოდის. პატრიარქი ღვთიური ცეცხლით სანთლების შეკვრას ანთებს (თითოეულ შეკვრაში 33 სანთელია) და ტაძარში მყოფთ გადასცემს. რამდენიმე წუთის შემდეგ იერუსალიმის ქუჩები ღვთიური ცეცხლით ანთებული სანთლებით ნათდება.

მირონცხების ქვის მარჯვნივ, ორი კიბე გოლგოთაზე ადის. გადმოცემის თანახმად, აქ მდებარეობს ადგილი, რომელზედაც ქრისტე ჯვარზე გააკრეს. იატაკზე მოთავსებულ ვერცხლისფერ დისკს მრგვალი ჭრილი აქვს - ის აღნიშნავს ადგილს, სადაც ჯვარი იყო დასმული. მის გვერდზე ორი შავი წრით აღნიშნულია ქრისტესთან ერთად დასჯილი ავაზაკების ჯვარცმის ადგილი. აქვეა მგლოვიარე ღვთისმშობელი ხატი, რომელიც დროდადრო ტირის. გოლგოთის ქვემოთ კიდევ ერთი სამრეკლოა. მის იატაკში ნაპრალია - ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ მომხდარი მიწისძვრის შედეგი. ქრისტიანები ნაპრალის სიგანეს ყოველწლიურად ზომავენ. ამ მაჩვენებლის ზრდა აპოკალიპსისის მოახლოების ნიშანი გახლავთ.

უკვე ცხრა საუკუნეა, ქრისტეს საფლავის ტაძარი ქრისტიანთა მთავარ სამლოცველოს წარმოადგენს. აღდგომის დღესასწაულზე მის გარშემო ასიათასობით მლოცველი იკრიბება. თუმცა მთელი ამ დროის განმავლობაში არ წყდება დაპირისპირება სხვადასხვა ქრისტიანულ კონფესიათა შორის. ხშირად მათი ურთიერთობები მხოლოდ თეოლოგიური დისკუსიით არ შემოიფარგლება. რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, იერუსალიმის აღდგომის ტაძარი - ქრისტიანობის უწმინდესი ადგილი - თვით ქრისტიანობაში არსებული დაპირისპირების სიმბოლოც არის.



წყარო: wikipedia;youtube

ვიდეო







წყარო:youtube

უსაფრთხოების წესები

იერუსალიმში მოგზაურობა, მიუხედავად ისრაელ–პალესტინის დაპირისპირებისა, საკმაოდ უსაფრთხოა. სამართალდამცავები ყველაფერს აკეთებენ დედაქალაქში სიმშვიდის შესანარჩუნებლად. არ გაგიკვირდეთ, თუ კერძო ან სახელმწიფო დაცვის წევრები ნებისმიერი მაღაზიის, სასტუმროს ან საზოგადოებრივი ტრანსპორტის კართან დაგხვდნენ. შესაძლებელია, ჩანთის გაჩხრეკვაც მოგთხოვონ და წინააღმდეგობა არ გაუწიოთ, რათა თქვენში ეჭვი არ შეეპაროთ.

სანამ ქალაქში შეხვალთ, კარგი იქნება, თუ ყველა საბუთს მოაწესრიგებთ. თუ შინაური ცხოველი, ძაღლი ან კატა მიგყავთ, მათი წლოვანება 4 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, სხვა შემთხვევაში საზღვრიდან უკან გაბრუნება არ აგცდებათ.

ებრაელები ერთობ მორწმუნე და რელიგიურები არიან. მათ რელიგიურ წესებს პატივი უნდა სცეთ. იერუსალიმში უზრდელობას, განსაკუთრებით კი მომსახურე პერსონალის უპატივცემლობას, არავინ გაპატიებთ. თუ არ დაგაპატიმრეს, ჯარიმას მაინც ვერ გადაურჩებით.

რაც შეეხება პირადი ნივთების დაკარგვას და ძარცვას, ეს ტურისტულ ზონებშიც კი იშვიათად ხდება.

წყარო:google