Tuesday, 8 June 2010

სამზარეულო და ღირშესანიშნაობები


ისრაელის ტრადიციული კერძები ძირითადად ზღვის პროდუქტებითა და ბოსტნეულით მზადდება. ქალაქში მრავლადაა სწრაფი კვების ობიექტები, რომელთაგანაც ყველაზე პოპულარული იტალიური პიცის რესტორანი "ბაროა", სადაც მსოფლიოში უგემრიელეს ლიმონათს 15 ახალ შეკელად დააგემოვნებთ.



იერუსალიმში ვეგეტარიანელები კმაყოფილები დარჩებიან, რადგან ნებისმიერი სახის რესტორანსა თუ კაფეში მათთვის განკუთვნილი კერძები უხვადაა. სწრაფი კვების ობიექტებში ტურისტების სტუმრობის მთავარი მიზეზი უგემრიელესი ბარბეკიუა, რომლის დაგემოვნება 20 დოლარი დაგიჯდებათ.

ტრადიციული კერძებიდან აღსანიშნავია ჰუმუსი. ალკოჰოლი იერუსალიმში საკმაოდ მოთხოვნადია. ადგილობრივები უპირატესობას ღვინოს ანიჭებენ, ხოლო ტურისტები რატომღაც – ლუდს.
როგორც აღვნიშნეთ, იერუსალიმი ორ ნაწილად – ძველ და ახალ ქალაქად იყოფა. წმინდა მიწაზე, ისე როგორც არსად, დასათვალიერებელი და სანახავი ძალიან ბევრია.

ძველი ქალაქი, რომელსაც თურქების მიერ მე–16 საუკუნეში აღდგენილი გალავანი აკრავს, სამადაა გაყოფილი – ებრაულ, ქრისტიანულ და ისლამურ კვარტლებად. ამ ქალაქის სამხრეთ–აღმოსავლეთ კუთხეშია ტაძრის მთა, სადაც ჩვ.წ.აღ–მდე 950 წელს სოლომონ მეფემ ებრაული ტაძარი ააგო. ახლა ამ მთაზე მეჩეთებია და ებრაული ტაძრიდან მხოლოდ ნანგრევებიღაა შემორჩენილი, რომელსაც გოდების კედელს უწოდებენ.

ოქროს კარიბჭე უძველესია დღემდე შემორჩენილ კარიბჭეთა შორის. ებრაელები მასთან მოწყალებისთვის ლოცულობდნენ. კარიბჭე ტაძრის მთის აღმოსავლეთ მხარეს მდებარეობს. ებრაული ტრადიციით, ეს ის კარიბჭეა, საიდანაც მესია იერუსალიმში შევიდა. კარიბჭე 1541 წელს ოსმალეთის სულთნის ბრძანებით დალუქეს. ძველ ქალაქში ოქროს კარიბჭესთან ერთად შეგიძლიათ ლომისა და მოწყალების კარიბჭეებიც მოინახულოთ.

არ გამოტოვოთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ეკლესია, გეთსიმანიის ბაღი, ჯვარცმის გზა (ვია დოლოროსა), რომელიც მაცხოვარმა ჯვარცმამდე გაიარა; გოლგოთის მთა, სადაც იესო ჯვარს აცვეს; აღდგომის ტაძარი; უფლის საფლავი; სიონის მთა... კიდევ ბევრი ღირსშესანიშნავი ადგილის მონახულება შეგიძლიათ ძველ ქალაქში, რადგან ეს ის ადგილია, საიდანაც ყველაფერი დაიწყო.

ახალი ქალაქი ებრაულ უბნებადაა დაყოფილი, სადაც დღეს 200.000–ზე მეტი ებრაელი ცხოვრობს.

გირჩევთ, იერუსალიმში მოგზაურობა ძველი ქართული ჯვრის მონასტრის (რომელიც ახლა ბერძენთა ხელშია) მონახულებით დაასრულოთ.

თუ იერუსალიმში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე ჩახვალთ, მაცხოვრის საფლავზე გადმოსული ცეცხლის მომსწრენი გახდებით. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში, უფლის საფლავზე შედის, რის შემდეგაც ტაძარი იხურება. წმინდა ცეცხლის გარდამოსვლისათვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩადიან. ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად ||| საუკუნეში გადმოვიდა. გადმოცემით, სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა კურთხევა გასცა, მათში ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო, რომლებიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა. ეს სასწაული დღემდე, ყოველ მართლმადიდებლურ აღდგომაზე ხდება.

წყარო: google

No comments:

Post a Comment